ფასიანი “სანდო წყარო”: რა უჯდებათ მუნიციპალიტეტებს ტვ “იმედის” ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება?

14 იანვარი, 2026 | ფინანსური გამჭვირვალობა

12 იანვარს Qartli.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტელეიმედსა” და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ფასიანი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა.  “მედიის განვითარების ფონდი” სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის “ტელეიმედსა” და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მსგავსი კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკით დაინტერესდა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაზე დაყრდნობით, 2025 წლის დეკემბრისა და 2026 წლის 9 იანვარის ჩათვლით მონაცემები შეისწავლა. 

დამატებითი ინფორმაციის მოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ  2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში შპს “ტელეიმედმა” საინფორმაციო მომსახურებაზე 8 მუნიციპალიტეტის მერიასთან ჯამში 62 445 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ეს მუნიციპალიტეტებია: გორის, ახალქალაქის, ადიგენის, ხულოს, რუსთავის, ბორჯომის, ფოთისა და ხობის.

კონტრაქტები 1-წლიანია და 7 შემთხვევაში თითოეულის ღირებულება 7 500 ლარს შეადგენს (თვეში 625 ლარი). აღნიშნულ 7 კონტრაქტში ხელშეკრულების საგანს ვებგვერდზე არაუმეტეს 60 რელიზის განთავსება წარმოადგენს, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ხელშეკრულების წლიური ღირებულება 9 945 ლარია (თვეში 825, 75), კონტრაქტი კი  ვებგვერდზე არაუმეტეს 85 საინფორმაციო რელიზის განთავსებას ითვალისწინებს. 

ხელშეკრულების პირობები მეტწილად ერთგვაროვანია და შემდეგ შინაარსობრივ და პროცედურულ ვალდებულებებს ითვალისწინებს:

  • შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განთავსებას შინაარსის შეცვლის გარეშე: მასალის რედაქტირება და თარგმნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მისი შინაარსი არ შეიცვლება (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ადიგენი, ბორჯომი).

  • დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად გაშუქება: სააგენტო უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მისი საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციების მომზადებასა და გაშუქებას, აგრეთვე მათ გავრცელებას სხვა მედია საშუალებებისთვის, საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში არაუმეტეს 38-ჯერ.   

სააგენტო უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ღონისძიებების ფოტო გადაღებას, საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში არაუმეტეს 2-ჯერ ქ. თბილისის მასშტაბით (ბორჯომი).

  • საინფორმაციო მხარდაჭერა მიწოდებული რელიზების განთავსების გზით: ვებ-გვერდზე (www.imedinews.ge) ჯამში არაუმეტეს 60 რელიზის განთავსება (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ახალქალაქი, ადიგენი, ბორჯომი), 85 რელიზისი განთავსება (რუსთავი).

  • ეთიკური და არაშეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება: არ განათავსოს ისეთი ინფორმაცია რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ, არაკორექტულ და არაეთიკურ ინფორმაციას (ახალაქალაქი, ბორჯომი). 

  • მიწოდებული ინფორმაციის ოპერატიული განთავსება: მიწოდებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ (ინფორმაციის მიწოდებიდან იმავე დღეს) უნდა განთავსდეს (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ადიგენი).

  • მუნიციპალიტეტების საავტორო უფლებების დაცვა: შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გადასცეს მესამე პირს დისტრიბუციის, გაცვლის ან გაყიდვის მიზნით (ახალქალაქი, ხობი, ფოთი, ხულო, ადიგენი, ბორჯომი).

ნიშანდობლივია, რომ “ტელეიმედი” მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულ დაფინანსებულ პრესრელიზებს, სარეკლამო აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და მასალის ფასიანი ხასიათის შესახებ მათ ინფორმირებულობას არ უწყობს ხელს.

“მაწყებელთა ქცევის კოდექსის” 57-ე მუხლის მიხედვით, რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამის ელემენტებისგან, რათა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილება მოხდეს და უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის შინაარსზე სარედაქციო კონტროლის დამოუკიდებლობა:

მუხლი 57. რეკლამის ეთერში განთავსების პრინციპი

“აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა უნდა შეინარჩუნოს პროგრამის შინაარსზე სარედაქციო კონტროლის დამოუკიდებლობა და არ დაუშვას პროგრამების დამახინჯება მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამის ელემენტებისგან”.

კოდექსის 59 მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ რეკლამისა და პროგრამის შინაარსის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა გადამწყვეტია სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად:

მუხლი 59. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების შესახებ

1. რეკლამისა და პროგრამის შინაარსის მკაფიო გამიჯვნა არის გადამწყვეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისათვის.

2. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია ან მათი პროგრამაში ხსენება ისე, რომ შეიქმნას მათი მხარდაჭერის შთაბეჭდილება.

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, რეკლამა წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს, როგორც უშუალოდ რეკლამა, სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპის მიხედვით კი სარედაქციო მასალები და მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. 

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში კარგად ჩანს, რომ ის, რასაც ტელეიმედის ვებ-გვერდი სანდო წყაროს რუბრიკით წარმოადგენს, რეალურად დაფინანსებული სტატიაა, შესაბამისი სარეკლამო აღნიშვნის გარეშე, რომელიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის გვერდზეც იდენტური ტექსტით ვრცელდება. ამასთანავე, იმედის ვებ-გვერდზე რეგიონების შესახებ განთავსებული ინფორმაცია ძირითადად უკრიტიკოდ, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რაც იმედის სარედაქციო პოლიტიკის სახელისუფლებო ხასიათზე მეტყველებს.

იმედის ინფორმაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის შემაჯამებელ სამუშაო თათბირზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის ინფორმაცია

 

იმედის ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო თათბირზე. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის ინფორმაცია.


 

იმედის ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის ინფორმაცია.

 

იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქის კოლორიტს ახალი წლის მისალოცად სახლში ესტუმრა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის ინფორმაცია.