„ცრუსთავი 2-ის მორიგ გესლნთხევა”-ში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტის თანხა გადაიხადა

7 სექტემბერი, 2016 |

2016 წლის 9 აპრილს გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან სათაურით - „აქვს თუ არა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მილიონები... და ისიც უკონტროლო”. პირველ გვერდზე, ასევე სტატიაში გამოტანილი იყო მასალის ანოტაცია: „ცრუსთავი 2-ის მორიგი გესლნთხევა... მავნებლური და მტრული გამოხდომების ნაზავი..."

ინტერვიუ, რომელიც შეეხებოდა რუსთავი 2-ის გადაცემებში „ბიზნესკურიერი“ და P.S. გასული მასალის უარყოფას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო დაფინანსებული და მასში ბიუჯეტიდან 625 ლარი იყო გადახდილი. პუბლიკაციას არ ჰქონდა მითითებული, რომ იგი სარეკლამო შინაარსის იყო. თუმცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გაზეთს შორის 2016 წლის 11 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ აღნიშნული სტატია საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსებით გამოქვეყნდა და დამკვეთს „სამუშაოს ხარისხის მიმართ პრეტენზია” არ გააჩნდა.   დოკუმენტაციის თანახმად, მასალის გამოქვეყნება 625 ლარი დაჯდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთან 2016 წელს სულ 1 225 ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მთლიანობაში სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეკრულებები აღნიშნულ გაზეთთან, 7 სექტემბრის მონაცემებით, 41 790 ლარის ღირებულებას შეადგენს, ხოლო 2015 წელს ამ მაჩვენებლმა 85 916 შეადგინა. 2013-2014 წლებში გაზეთის საბიუჯეტო შემოსავლები 63 923 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში შემავალი სხვადასხვა უწყება ხელშეკრულებებს წინა წლებშიც აფორმებდა.

მედიის განვითარების ფონდის ადრეულ კვლევებში აღნიშნულია, რომ გაზეთი ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.