მედია საქმეები

9 ივლისი, 2024 „მთავარი არხის“ ჟურნალისტი 26 მაისს იარაღით გადაღებული ფოტოსა და Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო დაიკითხა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“მთავარი არხის” რეგიონულმა კორესპონდენტმა და ადგილობრივი გაზეთის “გურიის მოამბის” რედაქტორმა, ვლადიმერ მენაბდემ 2024 წლის 26 მაისს, ფეისბუქის ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

“მთავარი არხის” რეგიონულმა კორესპონდენტმა და ადგილობრივი გაზეთის “გურიის მოამბის” რედაქტორმა, ვლადიმერ მენაბდემ 2024 წლის 26 მაისს, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული მისი ფოტო ახლდა თან. ჟურნალისტმა ფოტო ოზურგეთის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ცეცხლსასროლი იარაღების გამოფენაზე გადაიღო.   

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე  გამოძიება დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, ტერორისტული აქტის მზადების მუხლით დაიწყო.  ჟურნალისტი კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, 13 ივნისს მენაბდე მაგისტრმა მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხა.

HRC-ის განცხადებით, მოსამართლის მოთხოვნით, მხარეებმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერეს ხელი. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

მედიის წარმომადგენლის სამართლებრივ ინტერესს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს.

26 აპრილი, 2024 “TV პირველის“ ჟურნალისტი მის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირების შეჭრასა და ნივთების დაზიანებაზე საუბრობს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 24 მარტს ოზურგეთში „TV პირველის“ რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 24 მარტს ოზურგეთში „TV პირველის“ რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. ორგანიზაციის  ცნობითვე, ჟურნალისტის სახლი გასულ წელსაც გაქურდეს.  2023 წლის იანვარ-თებერვალში, ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა, 3-ჯერ განმეორდა.

HRC აღნიშნავს, რომ ფაქტს ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, 2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.  ნატო გოგელიას საცხოვრებელი სახლის გაქურდვის საქმეზე კი  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” დ ა “გ” ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელიც განხორციელდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიის წარმომადგენლის დაზარალებულად ცნობას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც ითხოვს, რომელიც  2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ სამართალდამცავ უწყებებს ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიებისაკენ მოუწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებასა და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.

8 აპრილი, 2024 ონლაინ პლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლე...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეეშალათ ხელი .

მათივე შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გამოიკვეთა, კერძოდ, ისინი ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. HRC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჟურნალისტს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა, არაერთხელ წაართვეს, ძალადობის შედეგად კი ორგანიზაციის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი დაზიანდა, რომელსაც ამავე მედიასაშუალების სხვა ჟურნალისტი იყენებდა. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რაც მათი პროფესიული საქმიანობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სამართალდამცავები მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაინც ახდენდნენ.

2024 წლის 23 იანვარს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება  დაიწყო

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით  დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთანავე, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სამი, 154-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხუთივე ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად.

 

“მაუწყებლის” ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევების სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, სწორი კვალიფიკაცია მიეცათ საქმისთვის და დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება.

12 დეკემბერი, 2023 TV მონიტორინგი ტელეკომპანიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრობს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)TV "მონიტორინგის" განცხადებით, 2023 წლის 31 ოქტომბერს ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია. არხის ც...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

TV "მონიტორინგის" განცხადებით, 2023 წლის 31 ოქტომბერს ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია. არხის ცნობით, კიბერშეტევის შედეგად ელექტრონულ/კომპიუტერულ მოწყობილობებზე გარკვეული სახის ინფორმაცია განადგურდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით 11 დეკემბერს მიმართა, უწყებამ კი ორგანიზაციას 26 დეკემბერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ TV მონიტორინგის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ტელეკომპანია "მონიტორინგის" ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციამ ორჯერ მიმართა გენერალურ პროკურატურას (2023 წლის 1 და 22 ნოემბერს) იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, თუმცა უწებიდან პასუხი HRC-ს დღემდე არ მიუღია.

6 ნოემბერი, 2023 OC Media-ს განცხადებით, პარლამენტის თავჯდომარემ მათ დონორებზე ზეწოლა სცადა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაციის, OC Media-ს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენელმა დონორების მეშვეობით მათზე ზეწოლა სც...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაციის, OC Media-ს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენელმა დონორების მეშვეობით მათზე ზეწოლა სცადეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მედიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოსაზრება არ გამოუქვეყნა პაპუაშვილმა დონორს მისწერა, რომ  ისინი აფინანსებდნენ ორგანიზაციას, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცალმხრივად აშუქებდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, OC Media-სთან არსებობდა შეთანხმება, რომ რედაქცია პარლამენტის თავმჯდომარის სარედაქციო წერილს გამოაქვეყნებდა, თუმცა OC Media-მ შეთანხმება დაარღვია. მისივე თქმით, დონორებთან კომუნიკაციის მიზანი იყო მათი ინფორმირება “საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ”. OC Media-ს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია. პაპუაშვილმა მოგვიანებით აღნიშნული ტექსტი X-ზე (Twitter) გამოაქვეყნა.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ეს ინციდენტი მედიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევად შეაფასა და დაგმო. ქარტიის საბჭომ აღნიშნა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან. აღნიშნულს მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებით გამოეხმაურა.  კოალიციამ მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ „მედიის თავისუფლების დასაცავად დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, ვინაიდან ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

 

6 ნოემბერი, 2023 ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმა “მთის ამბების” რედაქტორზე

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც ტრაგედიას ადგი...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც ტრაგედიას ადგილიდან აშუქებდა და პასუხისმგებელ უწყებების საქმიანობაზე კრიტიკულ მასალებს ამზადებდა, ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე გახდა. მედიამ 4 აგვისტოს ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას იქ მყოფი საჯარო მოხელეები მთივლიშვილს. "მთის ამბები"აღნიშნავს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ამბროლაურის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ელიზბარ კობახიძე აქტიურობდა. 

5 აგვისტოს “მთის ამბებმა” გაავრცელა ფოტო, სადაც აღბეჭდილი იყო სტიქიის ზონაში დაკარგული შვილის მოსაძებნად მისული მამა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომდგენლები ერთმანეთთან. მედია აღნიშნავდა, რომ დაკარგულის მამა პასუხს ელოდა, თუმცა მასთან სასაუბროდ არავინ მისულა.

აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სხვებთან ერთად აღბეჭდილია სურათზე, დააკომენტარა, რომ იმედი ჰქონდა მედია ფოტოს წაშლიდა, რადგან სწორედ ამ კადრის გადაღებამდე ბევრი ისაუბრა აღნიშნულ ადამიანთან. 

პაპუაშვილმა კომენტარის დაწერის შემდეგ,  14 სექტემბერს მთივლიშვილს “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი “მთის ამბების” რედაქტორზე თქვა, რომ ის “სამარცხვინო კაცია” და მას არ აქვს კავშირი მედიასა და ჟურნალისტიკასთან.

 

 

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მედიაგარემოს გაუარესების საგანგაშო შემთხვევებს გამოეხმაურა. კოალიციის შეფასებით, „სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, „მთის ამბების” წინააღმდეგ“. კოალიციამ მმართველ პარტიას მოუწოდა, მედიის თავისუფლების დასაცავად დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, ვინაიდან ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვასა და გამოხატვის  თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Pages