მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ქართული მედია გარემოს ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს წლებია იკვლევს. წინამდებარე ანგარიში 2022 წლის მონაცემებს ასახავს და კანონმდებლობის საფუძველზე სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის ანალიზსს ეყრდნობა.
მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას, ასევე ზოგ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკის შეფასების მიზნით ცალკეული მედიების კონტენტ-ანალიზს ეყრდნობა.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; პირველ ნაწილში – მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ. კვლევის მეორე ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების – ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური – მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. კვლევის ბოლო ნაწილში მოცემულია ინფორმაცია სიძულვილის ენის და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის გამტარი იმ მედიების შესახებ, რომელთაც საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო მომსახურება დაუკვეთეს; ასევე იმ გამოცემების შესახებ, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და ხშირად ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებში კოორდინირებულად ერთვებიან.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)“ ფარგლებში, რომელსაც დოიჩე ველე აკადემია მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ავტორები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, არაბელა კორძახია
რედაქტორები: მარიამ პატარიძე, თამარ კინწურაშვილი
დიაგრამები: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022
რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021
წინამდებარე კვლევა ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების 2021 წლის პრაქტიკას ასახავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო მონაცემებს, ასევე გარკვეულ შემთხვევებში საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას ეფუძნება. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; კვლევის ძირითად ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების - ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური - მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. ბოლო ნაწილში კი იმ მედიების სარედაქციო პოლიტიკაა განხილული, რომელიც ზოგ შემთხვევაში ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ შინაარსს ატარებს, ზოგჯერ - სახელისუფლებოს და ოპონენტების მადისკრედიტირებელი კოორდინირებული კამპანიების შემადგენელია.
ავტორი: მარიამ პატარიძე
მკვლევარი: გიორგი რიჟვაძე
მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2020
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2020 წლის მონაცემებს ასახავს. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახდენს საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე, ან როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებათ. ბოლო ნაწილი კი ანტიდასავლურ, დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის გამავრცელებელ მედიებთან საბიუჯეტო კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკას ეთმობა, მათ შორის განხილულია ანტივაქსერული შინაარსის ცალკეული მაგალითები.
ავტორი:
მარიამ პატარიძე, ანი ქისტაური
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2020
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2019
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ასახავს. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებათ.
ავტორი:
მარიამ პატარიძე
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2019
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა-2018
მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს, რომელიც ფინანსურ მედია გარემოს - მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის მიმოიხილავს.
ანგარიში დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ სხვა ცნობებს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ანგარიში ცალკეულ შემთხვევებში მედიის შინაარსობრივ ანალიზსაც მოიცავს. შერჩევა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა და მიზნად ისახავდა გაერკვია, თუ რა სახის მედია შინაარსის დაფინანსება ხდებოდა ბიუჯის ხარჯზე.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებთა; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა.
ავტორი:
მარიამ პატარიძე
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა-2018
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017, საბოლოო ანგარიში
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური გარემოს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.
კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს, ასევე ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე განხორციელდა მედია შინაარსის თვისობრივი ანალიზი.
ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, ასევე მაუწყებელთა შემოსავლების შესახებ ის მონაცემები, რომლებიც ამ მომენტისთვის საჯაროა; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს; მე-3 ნაწილში კი მიმოხილულია, თუ რამდენად ითვალისწინებს საბიუჯეტო კონტრაქტები სხვადასხვა მედიუმის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ასევე რამდენად იცავს თავად მედია მაღალპროფესიულ სტანდარტს, რომელიც დაფინანსებული შინაარსის სარედაქციო მასალებისგან მკვეთრად გამიჯვნას ითვალისწინებს; ბოლო მე-4 ნაწილში კი მოცემულია, მაგალითები, თუ რამდენად იცავდნენ ცალკეული მედიები სარეკლამო მასალის სარედაქციოსგან გამიჯვნის სტანდარტს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში.
ავტორი: მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017, საბოლოო ანგარიში
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა by Media Development Foundation on Scribd
წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო 2017
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.
ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას შეეხება; მე-3 ნაწილი ასახავს საბიუჯეტო კონტრაქტებს იმ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენენ; ხოლო ბოლო მე-4 ნაწილი რეგიონულ ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილებას შეეხება.
ავტორები: მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების შესწავლას და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.
პირველი ნაწილი მაუწყებლების მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს ასახავს, მეორეში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედია საშულაბებთან კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკაა მიმოხილული. ცალკე არის გამოყოფილი ის მედია საშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ.
ანგარიში 2016 წლის პერიოდს ასახავს.
რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა
წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევე მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკასაც და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე რბილი ცენზურის გამოვლინების ფორმებს. შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც როგორც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, ასევე კანონმდებლობის დაცვას და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფინანსებული მასალების გამოყენებას შეეხება. რეკომენდაციების შემუშავებისას ასევე გათვალისწინებულია მსოფლიოს გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაციის (WAN-IFRA) მიერ რბილ ცენზურასთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები.
2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის
გელა ბოჩიკაშვილი
გვანცა კვარაცხელია
2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" შემოდის, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიატია. 2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს ერთადერთი კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველო" ახორციელებდა, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტია. "თი-ვი ემ-არ საქართველოს" სახელი 2014 წლის თებერვალში ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის შესვლას უკავშირდება, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა, რადგან ეს ქმედება სარეკლამო ბაზრის გადანაწილების მცდელობად შეფასდა.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით , 2014 წელს სატელევიზიო მაუწყებლობიდან შემოსავალმა 91.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 23.7%-ით (17.6 მლნ ლარით) გაიზარდა. შემოსავლების უდიდეს ნაწილს რეკლამა (71.4%) და სპონსორობიდან (19.8%) მიღებული თანხები შეადგენენ. სხვა წყაროები (კონტენტის რეალიზება, საეთერო დროის გაყიდვა, შემოწირულობა, ა.შ) 8.8% იყო.
მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 49.3% -რუსთავი 2-ზე მოდიოდა. სხვა ტელეკომპანიებზე კი შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ტელეიმედი - 24.2%, სტუდია მაესტრო - 11.3%, ჯი-დი-ეს თივი - 2.9%, საქართველოს მედია ქსელი - 2.7%. სხვა მაუწყებლების ჯამური წილი კი 9.5% იყო.
თუმცა, "თი-ვი ემ-არ საქართველოს" მონაცემებით , რეკლამაზე ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, 2014 და 2015 წლების აპრილის თვეების შედარებამ წუთში სატელევიზიო რეკლამის 37%-იანი შემცირების ტენდენცია გამოავლინა.
სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების დამკვეთები როგორც ტელევიზიები, ასევე სარეკლამო სააგენტოები და მედია სელერები არიან. ტელევიზიებს რეიტინგების გაზომვა პროგრამირებისთვის და რეკლამის მოსაზიდად სჭირდებათ, ხოლო სარეკლამო სააგენტოები და მედია სელერები რეკლამის განთავსებას სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით ახდენენ.
რა გავლენას მოახდენს ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ ტელევიზიები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი მხოლოდ რამდენიმე ტელეკომპანიას აქვს. დღესდღეობით "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" მომსახურებით 34 ორგანიზაცია სარგებლობს, ხოლო "ტრი მედია ინტელიჯენსის" განცხადებით, ისინი 48 კომპანიასთან აპირებენ თანამშრომლობას, რომელთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს. ტრიმედია მომხმარებელს 600 ოჯახამდე გაზრდილ პანელს სთავაზობს, "თი-ვი-ემ-არი" კი 355 ოჯახიანი პანელის გაზრდას იანვრიდან 450-მდე გეგმავს.
ტრი მედია ინტელიჯენსი
შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ბაზარზე საერთაშორისო კომპანია "Kantar Media"-ს ლიცენზიით შემოსვლის შესახებ განაცხადი ოქტომბერშივე გააკეთა. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. თავის მხრივ მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %იანი წილის მფლობელია.
„ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორმა ცოტნე მირცხულავამ „მედიის განვითარების ფონდს" განუცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეისწავლა 6 600 ოჯახი საქართველოს 7 ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 45 000-ს აღემატება. ოჯახებთან ინტერვიუ Kantar Media-ს მიერ შედგენილი კითხვარის მიხედვით GORBI-ის 43 თანამშრომელმა ჩაატარა. შესწავლილი 6 600 ოჯახიდან მოხდა 600-მდე ოჯახის შერჩევა, სადაც ტელევიზორებზე სპეციალური მოწყობილობის ე.წ. ფიფლმეტრების (people meter) დაყენება მოხდა. ფიფლმეტრები საკვლევი პანელის ოჯახებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორის ცოტნე მირცხულავას განცხადებით, კომპანია თანამშრომლობას 48-მდე ორგანიზაციასთან, მათ შორის ტელევიზიებთან და სარეკლამო სააგენტოებთან გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ის არ ასახელებს, რომელ კომპანიასთან მიაღწიეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. რაც შეეხება დაფინანსებას და ფინანსურ გამჭვირვალობას, ორგანიზაციის დამფუძნებლის მერაბ ფაჩულიას განმარტებით, კომპანია ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას 2016 წლის 1 იანვრამდე, სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგის კვლევის დაწყებამდე გეგმავს. „ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორის ცნობით, კომპანია დამფუძნებლების და საბანკო კრედიტის მეშვეობით ფინანსდება. 2014 წლის 15 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე მერაბ ფაჩულიამ განაცხადა, რომ პირველად ხარჯებს კომპანია „გორბი" დაფარავდა, რომლის 70%-იანი წილის მფლობელიც თავად ფაჩულიაა, ასევე მისი პარტნიორი.
2015 წლის 22 ივლისს მერაბ ფაჩულიამ თიბისი ბანკთან გირავნობის ხელშეკრულება გააფორმა და გირავნობის უზრუნველყოფის საგნად "ტრი მედიაში" მისი 50%-იანი და გორბში 70%-იანი წილები მიუთითა. 22 ივლისს იდენტური ტიპის გირავნობის ხელშეკრულება თიბისი ბანკთან "ტრი მედიას" მეორე დამფუნებელმა გიორგი თევდორაშვილმა გააფორმა და უზრუნვეყოფის საგნად "ტრი მედიაში" მისი 50%იანი წილი მიუთითა. არცერთი ხელშეკრულების პირობებში სესხის კონკრეტული თანხა მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც უზრუველყოფის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. მერაბ ფაჩულიას შემთხვევაში კონტრაქტში უზრუნველყოფის თანხად 10 მილიონი ამერიკული დოლარი (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში), ხოლო გიორგი თევდორაშვილის შემთხვევაში 5 მილიონია მითითებული.
თი-ვი ემ-არ საქართველო
ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო" 2004 წელს დაფუძნდა და სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს 2005 წლის ახორციელებს. შპს თი-ვი ემ-არ საქართველოს დირქტორი, ნინო გოგოლაძეა, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული "კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ"-ია.
შპს თი-ვი ემ-არ საქართველო და გოჩა ცქიტიშვილი კი 50-50% წილს ფლობენ შპს აი-ფი-ემ მონიტორინგი-ში. ამ კომპანიის დირექტორიც ნინო გოგოლაძეა. გოჩა ცქიტიშვილი კი ასევე ფლობს წილს შპს „მედია მონიტორინგში" (100%).
ამ დროისათვის „თი-ვი ემ-არ საქართველოს" 34 კლიენტი ჰყავს, მათ შორის არიან 13 სატელევიზიო არხი, 1 მედია სელერი, 18 სარეკლამო სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ტელევიზიებიდან "თი-ვი ემ-არ"-ის მომსახურებით დღესდღეობით შემდეგი კომპანიები სარგებლობენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მე-2 არხები, იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, ტაბულა, ჯი-დი-ესი, კავკასია, music box, პალიტრა, TV 11, კომედი არხი და მარაო."თი-ვი ემ-არ საქართველოს" საკვლევი პანელი დღევანდელი მონაცემებით 355 ოჯახზეა, რომლის 450-მდე გაზრდას კომპანია 2016 წლის 1 იანვრიდან გეგმავს. ამჟამად კვლევის პანელი თბილისსა და საქართველოს 6 ქალაქს ფარავს, სადაც მოსახლეობა 45,000 და მეტია. „თი-ვი ემ-არ საქართველო" 2016 წლიდან ინტერნეტ მედიის კვლევასაც იწყებს.
სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის სანდოობის დასადასტურებლად კომპანიაში დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება რეგულარულად ტარდება. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს" კვლევები ოთხჯერ შეისწავლა და შეაფასა საერთაშორისო დამოუკიდებელმა სერტიფიცირებულმა აუდიტმა , მათ შორის ბოლო USAID-ის მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში განხორიცელდა.
2014 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "თი-ვი ემ-არ საქართველოში" შემოწმება დაიწყო და კომპანიისგან იმ 330 ოჯახის სახელებისა და მისამართების სია მოითხოვა, სადაც სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების მოწყობილობა ეყენა. "თი-ვი ემ-არ საქართველომ" უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ საქმე კონფიდენციალურ მონაცემებს ეხებოდა და მისი გამჟღავნება კომპანიის სანდოობასა და რეიტინგს ზიანს მიაყენებდა. შემოსავლების სამსახურმა ამის შემდეგ „თი-ვი ემ-არ საქართველოს" აქტივების აუდიტი დაიწყო. 20 მარტს „თი-ვი ემ-არ საქართველომ" მუშაობა შეწყვიტა, იმ მოსაზრებით, რომ აუდიტი ხელს უშლიდა მის ფუნქციონირებას. შემოსავლების სამსახურის ქმედებას ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კონფიდენციალური მონაცემების გარეშე პირთა მიერ ფლობას შესაძლოა რეიტინგის შედეგებზე პოტენციური ზეგავლენისა და მანიპულირების საფრთხე შეექმნა, რაც შეიძლება კვლევაში მონაწილე ოჯახების თვითცენზურაშიც გამოხატულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განხადება ხუთმა ტელევიზიამ და ათზე მეტმა სარეკლამო სააგენტომაც გაავრცელეს, რომელშიც ყურადღება ქვეყნის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრისათვის ზიანის მიყენების საფრთხეზე იყო გამახვილებული. 24 თებერვლიდან და 3 აპრილამდე შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს „თი-ვი ემ-არ საქართველოსგან" კონფიდენციალური მონაცემების მიღების შუამდგომლობით სამჯერ მიმართა, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშშიც მოხვდა.
2014 წლის ოქტომბერში "ტრი მედია ინტელიჯენსის" მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კანტარ მედიას წარმომადგენელმა კელდ ნილსენმა, ტელეკომპანია "ტაბულას" შეკითხვაზე, რამდენად მოახერხებდნენ ფიფლმეტრების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვას შემდეგი რამ განაცხადა:
"ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ნაბიჯი გამჭვირვალე იქნება. ერთადერთი რამ, რასაც ვერ მიიღებთ, ვინაობა და მისამართია, სადაც ფიფლმეტრები იქნება დამონტაჟებული. ჩვენ ვართ ჩინეთში, რუსეთში და სხვა 'კონტროლირებად' ქვეყნებში. გვქონია დაინტერესება აქამდე აღნიშნულ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ შენ ამ ინფორმაციას გასცემ, ბიზნესი უნდა დახურო. იმიტომ, რომ ეს შენი რეპუტაციაა. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოითხოვს, ეს არასდროს მოხდება",-აღნიშნა ნილსენმა.
რაც შეეხება კონკურენტი კომპანიის ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით „თი-ვი ემ-არ საქართველოს" პოზიციას, ორგანიზაციის დირექტორი ნინო გოგოლაძე მათი 11 წლიანი მუშაობის პერიოდიდან კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს. როგორც ის აღნიშნავს, 2007 წელს მარეგულირებელმა კომისიამ 2 მილიონად შეიძინა ფიფლმეტრები და კომპანია „ბი-სი-ჯის" რეიტინგების გაზომვის მიზნით გადასცა. იმ პერიოდში მათ music box-ისა და სარეკლამო სააგენტოების გარდა, ყველა კონტრაქტორი სატელევიზიო კომპანია დაკარგეს. თუმცა, მოგვიანებით ეს თანამშრომლობა აღადგინეს, ხოლო კონკურენტულმა კომპანიამ სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა შეწყვიტა.
რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ ტელევიზიები?
საზოგადოებრივი მაუწყებელის ტენდერი აუდიტორიის კვლევის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი "ფიფლმეტრების” საშუალებით აუდიტორიის კვლევის შესაძენად ელექტრონულ ტენდერებს 2011 წლის თებერვლიდან აცხადებდა და ამ დროიდან ის კომპანია - "თი-ევ ემ-არ - საქართველოსთან” თანამშრომლომდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტენდერით მოთხოვნილი ფიფლმეტრების რაოდენობა სხვადასხვა წლის მიხედვით 300-დან 330-მდე მერყეობდა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, "თი-ევ ემ-არ - საქართველო” ამდენივე "ფიფლმეტრით” (330) ზომავდა რეიტინგებს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფიფლმეტრების მინიმალურ რაოდენობაზე მოთხოვნა 2016 წლის სატელევიზიო სეზონის რეიტინგების დასათვლელად გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტში გაზარდა. ცვლილებების მიხედვით, ფიფლმეტრი მინიმუმ 400 ოჯახში უნდა იყოს დაყენებული. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ფიფლმეტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. მაუწყებლის მიერ ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის "თი-ევ ემ-არ - საქართველოს" ჯერ არ ჰქონდა ინფორმაცია გავრცელებული, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან რეიტინგებს 450 ფიფლმეტრით დათვლიდა, აღნიშნული ინფორმაცია არც TV MR-ის ვებ-გვერდზეა მითითებულია და ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა.
2015 წლის სატენდერო დოკუმენტში მხოლოდ ფიფლმეტრებისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი მანამდე ტენდერში მონაწილე კომპანიისგან საერთაშორისო აუდიტის დასკვნას ითხოვდა, 2015 წელს ეს მოთხოვნა არ ფიგურირებს. მის ნაცვლად კი მაუწყებელს უფლება ექნება საჭიროების შემთხვევაში თავად ჩაატაროს აუდიტი, რაც ერთი კომპანიის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული .
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნებში გაჩნდა პუნქტი - შესაძლებლობა "სატელევიზიო არხების გაზომვა და მონიტორინგი, როგორც პირდაპირ (LIVE), ისე დროში წანაცვლებული ყურებადობის შესაძლებლობით (გადახვევით)”. ამ სერვისის შეთავაზება კი 2016 წლის იანვრისთვის ბაზარზე არსებული 2 კომპანიიდან მხოლოდ შპს ტრი მედია ინტელიჯენსს” შეეძლება. ამ მიზეზის გამო, სატენდერო დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს ""თი-ევ ემ-არ - საქართველოს” დირექტორი, ნინო გოგოლაძე.
რეგიონული მაუწყებლები
რეგიონალური ტელევიზიები არასდროს ყოფილან შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს" დამკვეთები, რასაც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მისი პანელის ნაკლად მიიჩნევდა. როგორც რეგიოუნული ტელევიზიები აცხადებენ, შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" მათ რეიტინგების დათვლას როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს მაშტაბით სთავაზობს. ზოგიერთი კომპანიის განცხადებით, საწყის ეტაპზე მომსახურება უსასყიდლო იქნება, ხოლო ზოგი რეგიონებისთვის შეთავაზებულ დაბალ ტარიფზე საუბრობს.
საქართველო რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ არ არის გადაწყვეტილი ასოციაციის რამდენი წევრი ტელევიზია ისარგებლებს რეიტინგების მთვლელი კომპანიის მომსახურებით. მისი თქმით, თითოეული ტელევიზია "ტრი მედია ინტელიჯენსთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
"ძალიან ბევრი რეგიონი საერთოდ არ არის მოცული და ჩემი აზრით, ეს არ იძლევა კარგ შედეგს. ეს არის ჩემი შენიშვნა და იგივე ტიპის შენიშვნები აქვთ წევრების დიდ ნაწილს. ისინი ამბობენ, რომ თუ ერთი ან ორი ტელევიზიის დათვლა მოხდება რეგიონებში, პირიქით, ეს კიდევ უფრო დააზარალებს ბაზარს," - აღნიშნავს კუპრაშვილი, რომლის განცხადებით, რეგიონული ქალაქების მონაცემები თბილისის მონაცემების მსგავსად დეტალურად არ იქნება ჩაშლილი.
საწყის ეტაპზე (3-6 თვე) რეიტინგების შესახებ ინფრომაციის უფასოდ მიწოდებაზე საუბრობს "ტელეარხი 25”-ის დირექტორი, გიორგი სურმანიძე. მისი თქმით, კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსის” წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ბათუმის მაშტაბით 80 ფიფლმეტრი იქნება დაყენებული, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ დონეზე არხის რეიტინგი გაიგოს.
"ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. თუ ისეთი თანხაა, რასაც მე ვერ შევწვდები, მაშინ ვიკმარებთ მხოლოდ ბათუმის მასშტაბით ინფორმაციას. თუ მისაღები იქნება თანხა, რაც მთელ საქართველოს ითვლის, ბიუჯეტს გადავხედავთ და აქედან გამომდინარე შევთანხმდებით”, - აღნიშნავს "ტელეარხი 25”-ის დირექტორი, რომელიც რეიტინგების გაზომვის მომსახურების შესაძენად საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
რეიტინგების დათვლას გეგმავს, "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) წევრი ტელეკომპანია "რიონი”. არხის დირექტორის ინფორმაციით, შპს "ტრი მედია ინტელიჯენსი” ქუთაისში 100-მდე ფიფლმეტრს აყენებს. კომპანიის მომსახურებას კი GARB-ის დახმარებით მიიღებს.
ტელეკომპანია "გურჯაანი” რეიტინგების გაზომვის მომსახურებით არ ისარგებლებს. როგორც ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ალექსიშვილი ამბობს, მიზეზი ისაა, რომ ბაზარზე არსებული 2 კომპანიიდან კახეთის რეგიონის მონაცემებს ცალკე არცერთი კომპანია ითვლის.
ალექსიშვილი სარეკლამო ბიზნესშიც არის ჩართული. მისი კომპანია - შპს "რეგიონმედიამარკეტი" რეგიონულ ტელევიზიებში ანთავსებს რეკლამას. მისი თქმით, თუ შპს ტრი მედია ინტელიჯენსთან დაიწყებს თანამშრომლობას, შესაძლოა, საწყის ეტაპზე, მომსახურება უფასოდ მიიღონ.
"ჩვენ ვაკვირდებით ამ სურათს პირველ თვეს, ზოგადად ჯერ არ ყოფილა მოლაპარაკებები, ვთქვათ, როგორ დაითვლება. იმის მერე გადავწყვეტთ კონკრეტულ ნაბიჯს. თუ ეს იქნება აწყობილი სისტემა, და რეალობასთან ახლოს, შესაძლებელია ვითანამშრომლოთ”, - ამბობს ალექსიშვილი.
"ტრი მედია ინტელიჯენსის” შეთავაზება მისაღებია ტელეკომპანია "თრიალეთისთვის”. არხის ერთ-ერთი მფლობელის, ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაციით, გორში რეიტინგი 36 ფიფლმეტრით გაიზომება. "ფასი დაზუსტებით არ გადაწყვეტილა ჯერ. ყოველ შემთხვევაში ამბობენ, რომ რეგიონალურ ტელევიზიებს ექნებათ ცალკე, დაბალი ფასი”, - აცხადებს ნანიტაშვილი.
"თრიალეთის” წარმოამდგენლებს მოლაპარაკებები TV MR - საქართველოსთანაც ჰქონდათ. რადგან კომპანია რეგიონების მიხედვით რეიტინგებს მათ ცალ-ცალკე არ სთავაზობდა, შეთანხმება ვერ შედგა.
"თი-ვი ემ-არ საქართველოს" განმარტებით, თუკი მხოლოდ გორში მაუწყებლობს ტელევიზია, მაშინ მისი მონაცემების სხვა რეგიონებზე განზოგადება შეცდომა იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიები გადავიდნენ ციფრულ მიწისზედა მაუწყებელზე, სხვა ქალაქებშიც გახდა შესაძლებელი რეგიონალური ტელევიზიების ყურება. შესაბამისად, რეგიონალურ ტელევიზიებს გაუჩნდათ ინტერესი, რომ მიიღონ ინფორმაცია გამზომავი კომპანიისაგან. თუმცა, რეგიონალურ ტელევიზიებს არ გააჩნიათ შესაბამისი ფინანსები, რომ გამზომავი კომპანიისაგან მიიღონ სერვისი. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ 2014 წელთან შედარებით 2015 წელს სარეკლამო ბაზარი 20%-ით შემცირდა, რაც ტელევიზიებისთვის ფინანსების შემცირებას ნიშნავს.
ნაციონალური და თბილისის მაუწყებლები
TV MR საქართველოს დირექტორის, ნინო გოგოლაძის თქმით, 2016 წლის პირველი იანვრისთვის მათთან ხელშეკრულება 3 არხს - იმედს, მაესტროსა და საზოგაოებრივ მაუწყებელს უმთავრდებათ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საეთერო სეზონის რეიტინგების დასათველელად ტენდერის პირობები შეცვალა. ტელეკომპანია "მაესტროს” დირექტორმა რამდენიმე დღიანი კომუნიკაციის მიუხედავად საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ტელეკომპანია "იმედის” დირექტორი, გიორგი ბახტაძე კი არხის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, "თი-ვი ემ-არ საქართველოს" კონკურენტ კომპანიასთან - შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთან” თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს. რეიტინგების მთვლელმა ახალმა კომპანიამ საკუთარი შეთავაზებები უკვე გააცნო ბახტაძეს.
"თუ ეს გამზომი დააკმაყოფილებს პროფესიულად და თავისი მომსახურებით იმ მოთხოვნებს, რაც არის ბაზარზე, ჩვენ აუცილებლად დავრჩებოდით ერთ გამზომზე”, - აღნიშნა ტელეკომპანია იმედის დირექტორმა.
რეიტინგების მთვლელ ახალ კომპანიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს ტელეკომპანია რუსთავი 2. არხის პოზიციის შესახებ შპს ინტერ-მედიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, რეიტინგების მთვლელ კომპანიასთან დაკავშირებით შეთანხმებული პოზიციები აქვთ. გუმბარიძე აღნიშნავს, რომ შპს „ტრი მედია ინტელიჯენსთან" თანამშრომლობა არ განუხილავთ, რადგან მისი ბაზარზე შემოსვლა მათთვის ბუნდოვანი იყო.
"კომფორტია, რომ ცალ-ცაკლე მოვიდეს რეგიონების მონაცემები, თუმცა რამდენად სწორი მეთოდოლოგია არის და რამდენად შეესაბამება ფიფლმეტრების რაოდენობა, რაც თითოეულ რეგიონზე აქვთ ლოკაცია, კიდევ მეორე საკითხია. ამას ცალკე კვლევა სჭირდება, საკმარისია კი ის მონაცემები, რასაც ტრიმედია იღებს იმისთვის, რომ რეპრეზენტატული გახდეს [კვლევა]? ამასთან დაკავშირებით კიდევ კითხვები არსებობს”, - განმარტავს გუმბარიძე.
გუმბარიძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლობას "თი-ვი ემ-ართან" ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარებული დასკვნები განაპირობებს, რა დროსაც მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.
"თი-ვი ემ-არ- საქართველოსთან” თანამშრომლობით კმაყოფილია ტელეკომპანია GDS-ის დირექტორი, ჯაბა მელქაძე. თუმცა, არხი, პარალელურად, თანამშრომლობის დაწყებას შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთანაც” გეგმავს. მელქაძის თქმით, რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია მათ მაყურებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობს.
"საბოლოო ჯამში ორი ერთად ვერ იარსებებს. ჩვენ ასე ვართ განწყობილი, რომ ეს გარდამავალი პერიოდი სანამ იქნება, ერთთან ვთანამშრომლობთ და ვითვლით, მეორესაც შევხედავთ. მერე საბოლოო ჯამში მივიღებთ, ალბათ, გადაწყვეტილებას, რომელზე დავრჩებით”, - აღნშნავს GDS-ის დირქტორი.
სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ რომელ კომპანიასთან აპირებს თანამშრომლობას 2016 წლიდან ტელეკომპანია "კავკასია” - ამის შესახებ არხის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ის რეიტინგების მთვლელ კომპანიებს არ ენდობა.
"ძველი TV MR არის არაობიექტური, არაკვალიფიციური, პრობლემური წლების მანძილზე. ეს ახალი, როგორც მე ვხვდები, ბიძინასია [ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი]. ასე რომ, მგელი შემჭამს თუ მგლისფერი ტურა ჩემთვის სულ ერთია - ასე ვუყურებ ამ საკითხს. ერთიც არასწორად შემოვიდა ბაზარზე და მეორეც, არცერთი არ მოუწვევია ინდუსტრიულ კომიტეტს, არც TV MR თავის დროზე და არც "კანტარ მედია” ახლა. "თვითონ ჩადეს ფული" და დაიწყეს გაზომვები,”- განმარტა ტელეკომპანია "კავკასიის” დირექტორმა, რომელიც მიიჩნევს, რომ TV MR - საქართველოზეც იყო პოლიტიკური გავლენები.
ტელეკომპანია "კავკასიის” დირექტორის მსგავსად ტელეკომპანია "ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშილიც "ტრი მედია ინტელიჯენსის” ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი თევდორაშვილის "კვირის პალიტრასთან” კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. თუმცა, ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ "ტაბულა” რეიტინგების მთვლელ იმ კომპანიასთან ითანამშრომლებს, რომელსაც რეკლამის დამკვეთი კომპანიები ენდობიან.
"მგონია, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა დაძალება კომპანიებზე, თვითონ ბიზნესებზე, წავიდნენ და ფაჩულიას და თევდორაშვილების კომპანიით იხელმძღვანელონ, თავისი ინიციატივით ამაას არ იზამენ”, - დასძინა ჩერგოლეიშვილმა.
შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთან” თანამშრომლობა ჯერ არ გადაუწყვეტია ტელეკომპანია PALITRANEWS-ს (პალიტრა TV), რომლის 100% წილი შპს "კვირის პალიტრას” ეკუთვნის და რომელთან თევდორაშვილის კავშირით ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ "ტაბულასა” და "კავკასიის” დირექტორები (იხილეთ ინფოგრაფიკა). PALITRANEWS-ის დირექტორი, ინგა დადიანი "ტრი მედია ინტელიჯენსის” დადებით მხარეებად ფიფლმეტრების რაოდენობას და ტექნოლოგიებს მიიჩნევს .
"ჩვენ ვფიქობთ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ და გავიაროთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ფიფლმეტრების რაოდენობა გარკვეულწილად იმასაც ნიშნავს, რომ გაზომვის სიზუსტე იქნება მაღალი ხარისხის”, - განმარტავს PALITRANEWS-ის დირექტორი.
პალიტრა TV-სა და ტრი მედია ინტელიჯენს შორის კავშირი
ინტერესთა კონფლიქტი, რომელზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი საუბრობს, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ "ტრი მედია ინტელიჯენსის" ერთ-ერთი დამფუნძნებელი გიორგი თევდორაშვილი პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. თავის მხრივ, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ ის მხოლოდ გაზეთის რედაქტორია და წილობრივად არცერთ ციფრულ ტექნოლოგიაში არ მონაწილეობს .
ტელეკომპანია PALITRANEWS (შპს პალიტრა TV), ჰოლდინგ პალიტრა მედიაში (შპს პალიტრა მედია) შემავალი ერთ-ერთი მედია საშუალებაა. ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გარდა, პალიტრა მედიაში კიდევ 4 გაზეთი, 15 ჟურნალი, 17 ინტერნეტპორტალი, 1 რადიო, მაღაზიათა ქსელი, წიგნების გამომცემლობა და პრესისა და წიგნების გამავრცელებელი სააგენტოა გაერთიანებული. ჰოლდინგ პალიტრა მედიაში შემავალი კომპანიები ერთმანეთთან მფლობელებით არიან დაკავშირებული (იხილეთ ინფოგრაფიკა).
შპს პალიტრა მედიის 75%-იანი წილის მფლობელი ირაკლი თევდორაშვილია, დარჩენილი 25%-იანი წილი კი ზაზა ბუაძეს ეკუთვნის. ასევეა გადანაწილებული შპს კვირის პალიტრის (გაზეთი "კვირის პალიტრა”) წილებიც. შპს "კვირის პალიტრა” კი 100-100 პროცენტიან წილებს ფლობს შპს პალიტრა TV-ში (ტელეკომპანია PALITRANEWS) და შპს რადიოცენტრი პლუს-ში (რადიო პალიტრა - 103,9 FM). გარდა ამისა, შპს კვირის პალიტრასა და მისი ერთ-ერთი მფლობელის, ირაკლი თევდორაშვილის ძმას, გიორგი თევდორაშვილს (შპს ტრი მედია ინტელიჯენისის 50% წილის მფლობელი) წილები აქვთ - პრესისა და წიგნების გამავრცელებელ სააგენტოში (შპს ელვასერვისი), მაღაზიათა ქსელში (შპს ბიბლუსი) და საინფორმაციო საააგენტო ინტერპრესნიუსში (შპს ახალი ამბები).
გადადით ინფოგრაფიკის ბმულზე: http://bit.ly/1IPuxol
ბლოგი ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა.
[1] http://www.tabula.ge/ge/story/88658-telekompaniebis-reitings-kidev-erti-kompania-kantar-media-gazomavs