მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ქართული მედია გარემოს ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს წლებია იკვლევს. წინამდებარე ანგარიში 2022 წლის მონაცემებს ასახავს და კანონმდებლობის საფუძველზე სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის ანალიზსს ეყრდნობა.
მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას, ასევე ზოგ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკის შეფასების მიზნით ცალკეული მედიების კონტენტ-ანალიზს ეყრდნობა.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; პირველ ნაწილში – მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ. კვლევის მეორე ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების – ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური – მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. კვლევის ბოლო ნაწილში მოცემულია ინფორმაცია სიძულვილის ენის და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის გამტარი იმ მედიების შესახებ, რომელთაც საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო მომსახურება დაუკვეთეს; ასევე იმ გამოცემების შესახებ, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და ხშირად ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებში კოორდინირებულად ერთვებიან.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)“ ფარგლებში, რომელსაც დოიჩე ველე აკადემია მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ავტორები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, არაბელა კორძახია
რედაქტორები: მარიამ პატარიძე, თამარ კინწურაშვილი
დიაგრამები: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022