2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა. მართალია, კადრებში ასახული პირები იდენტიფიცირებულები არ იყვნენ, მაგრამ ვიდეომასალა მოქმედი ჟუნრალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვვებდნენ თანამდებობებს.
დასახელებულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის მოხვდა ინგა გრიგოლია. ჟურნალისტმა მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პირდაპირ ეთერში თავად ისაუბრა. ჟურანლისტის თქმით, მას შანტაჟისა და მუქარის არ ეშინია და "გაჩუმებას" არ აპირებს.
"ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც" , - აღნიშნა გრიგოლიამ ტელეკომპანია პირველის პირდაპირი ეთერში.
აღნიშნულ მუქარამდე 11 მარტს youtube-ზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით დაიბლოკა. ვიდოს გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება) დაიწყო.
25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში, გადაცემაში "ინგა გრიგოლიას დღის ამბები” წამყვანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი კომენტარი გააკეთა.
დეპუტატის რეპლიკები უკავშირდებოდა ინგა გრიგოლიას გამოხმაურებას 2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რასაც გარკვეულ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა მიმართ 31 მარტამდე თანამდებობის დატოვების მოთხოვნა და წინააღმდეგ შემთხვევაში კადრებით დაშანტაჟების მუქარა ახლდა. მუქარის ობიექტთა შორის მოხვდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც ამ თემაზე საჯაროდ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შანტაჟისა და მუქარის არ ეშინოდა და "გაჩუმებას" არ აპირებდა.
28 მარტს გაზეთ "ალიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ჟურნალისტის პირადი ცხოვრებით, არამედ ინგა გრიგოლიას შვილის პოლიტიკური შეხედულებებით ("ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია") და სამსახურებრივი მდგომარეობითაც ("რომელ უწყებაში მუშაობს”) დაინტერესდა.
31 მარტს სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ვიდეომასალაში მისი გამავრცელებელი ინგა გრიგოლიას ტელევიზიის (ტელეკომპანია პირველი) დატოვებას ითხოვდა.