წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს ოპოზიციონერებთან და აქტივისტებთან ერთად სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს, მალხაზ მიქელაძესა და ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს გიორგი ახალკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზურგში ხელი ჰკრეს და ფეხებში დაარტყეს. HRC-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვლადიმერ ბიჭაშვილს, ოპერატორს ვლადიმერ მიხანაშვილს, ასევე, “ტვ მნიტორინგის” ჟურნალისტს, ირაკლი კოშაძესა და ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.