მედია საქმეები

8 ნოემბერი, 2024 HRC: არჩევნებზე “მთავარი არხის” ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, 26 ოქტომბერს თბილისში “მთავარი არხის” გადამღები ჯგუ...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, 26 ოქტომბერს თბილისში “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ორგანიზაციის ცნობით, პირველი შემთხვევა გუჯარის ქუჩაზე მოხდა, სადაც სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ და არიგებდნენ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ უნდა მიეცათ ხმა.  მათივე ცნობით, ადგილზე ვითარების გასაშუქებლად “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მისვლამ აღნიშნულ პირებში აგრესია გამოიწვია. “მთავარი არხის” ჩართვაში ისმის, თუ როგორ აგინებდა უცნობი პირი ჟურნალისტებს, ამასთანავე, ადგილზე მობილიზებული სხვა პირები ოპერატორს მიუთითებდნენ, რომ გაეწია კამერა, ჟურნალისტს კი მიკროფონზე ხელი აუკრეს. 

HRC-ის ცნობით, იყო მოწოდებები, რომ ჟურნალისტებს დაეტოვებინათ ტერიტორია და შეეწყვიტათ გადაღება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მეორე შემთხვევა 99-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო უბნებთან მოხდა, სადაც ადამიანების მობილიზება ხდებოდა. HRC-ის ცნობით, როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მივიდნენ, იქ მყოფი პირების ნაწილი უკვე ახლოს მდებარე კერძო სახლის ტერიტორიაზე იყო შესული. ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი და ოპერატორი კერძო სახლის ჭიშკართან კითხვების დასასმელად მივიდნენ, მათი მისამართით დიდი ჭურჭლით წყალი გადმოასხეს, მოგვიანებით კი კვერცხები ისროლეს.

HRC-ის ცნობით, მესამე შემთხვევა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ქეთევან ციცქიშვილი და დავით ბადაგაძე მას შემდეგ მივიდნენ, რაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.  ორგანიზაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი პოლიციამ შეუშალა, კერძოდ, მათ ოპერატორი ხელით გააკავეს და სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის ახლო კადრების გადაღების საშუალება არ მისცეს.

ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილისა და ოპერატორის, დავით ბადაგაძის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს.  ადამიანის  ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვს, დაიწყოს საქმეზე გამოძიება,  ხოლო მედიის წარმომადგენლებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. 

30 სექტემბერი, 2024 ვანდალიზმი და მუქარა MDF-ის მიმართ

2024 წელს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვისა და მისი თანმდევი პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია პოლიტიკურად მოტივირებული ვანდალ...

2024 წელს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვისა და მისი თანმდევი პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია პოლიტიკურად მოტივირებული ვანდალიზმის სამიზნეები გახდნენ. მათ შორის იყო “მედიის განვითარების ფონდი”, რომლის ოფისზე ვანდალური თავდასხმა ორჯერ განხორციელდა, აღმასრულებელი დირექტორის და თანამშრომლების მიმართ კი, პროფესიული საქმიანობის გამო, ადგილი სხვადასხვა ტიპის მუქარას ჰქონდა. 

2024 წლის 9 მაისს, გამთენიისას, “მედიის განვითარების ფონდის” ოფისის შესასვლელში შენიღბულმა პირებმა პოსტერები გააკრეს და წარწერები დატოვეს. პოსტერებზე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, იყო გამოსახული, წარწერით “უცხოელების დავალებების შემსრულებლები”, “უცხოური ფულით სიცრუის გამავრცელებელი”, “აგენტების ადგილი საქართველოში არ არის”. პირბადეებით შენიღბულმა პირებმა ასევე კედელზე წარწერა “გრანტიჭამია აგენტი” დატოვეს. 

31 მაისის ღამეს “მედიის განვითარების ფონდის” ოფისზე მეორე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა. შენობაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან შავ ნიღბიან შლემში გამოწყობილი ადამიანების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი,  რომლებმაც თავდაპირველად ოფისის უსაფრთხოების კამერას საღებავი შეასხეს, რათა მათი ქმედებების აღბეჭდვა არ მომხდარიყო. შემდეგ კი კედლებზე დატოვეს წარწერები, რომლითაც MDF-ის თანამშრომლები „ფსევდოლიბერალ ფაშისტებად“, „სამშობლოს მოღალატეებად“, „სამშობლოს გამყიდველებად“, „აგენტებად“ და „მონებად“ იყვნენ მოხსენიებული.

                           

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარლამენტარის, დიმიტრი სამხარაძის, მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების სიის გამოქვეყნებას დაემთხვა. სიას თან ერთვოდა არასამთავრობოების ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმის ამსახველი ვიდეოკოლაჟი წარწერით - “ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!”. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე ღამის ვანდალური სცენები სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა ტელე არხმა პოსტვიმ ინციდენტების ადგილიდან გააშუქა (1, 2,3,4,5). 

ოფისზე თავდასხმებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სატელეფონო დაშინების კამპანია “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომლების და მათ შორის, თამარ კინწურაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ინტენსიურად ხორციელდებოდა. ამავე პერიოდში, ორგანიზაციის 2 თანამშრომლის მეილზე გარეშე პირების წვდომის მცდელობაც დაფიქსირდა. 

29-30 ივლისს თამარ კინწურაშვილს იდენტიფიცირებადი ელექტრონული ფოსტიდან ზაზა ფარცვანიამ  არჩევნების შემდეგ მისი და ფაქტების გადამოწმების სამსახურის თანამშრომლების გაუპატიურების მუქარის შემცველი 4 შეტყობინება გაუგზავნა. 

აღნიშნულ მუქარასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC), რომელიც MDF-ის ინტერესებს იცავს, 30 ივლისს პროკურატურას მიმართა. HRC აღნიშნულს პროფესიული საქმიანობის გამო დევნად აფასებს. 7 აგვისტოს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, თუმცა ამ დრომდე არცერთ სამართალდამცავ ორგანოს განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია. 

სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის მიუხედავად, 29 აგვისტოსა და 6 სექტემბერს, MDF-ის აღმასრულებელ დირექტორს კვლავ გაეგზავნა მუქარის შემცველი 2 წერილი.  თამარ კინწურაშვილთან ერთად, მუქარის ადრესატები მისი ოჯახის წევრები და ორგანიზაციის მთელი გუნდი იყო. 20 სექტემბერს MDF-მა კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებას საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.      

მედიის განვითარების ფონდზე განხორციელებულ თავდასხმებს ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელი (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) გამოეხმაურნენ და ღია წერილით ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართეს. წერილში ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უზრუნველყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებელთა დევნა და დაიცვას მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმებს ასევე გამოეხმაურნენ International Federation for Human Rights და Women Press Freedom

MDF-ის ოფისზე ვანდალური თავდასხმები გააშუქეს საერთაშორისო გამოცემებმა: “ამერიკის ხმამ”, ფაქტების გადამმოწმებელმა თურქულმა ორგანიზაციამ teyit, ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro-მ, შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter, ირლანდიურმა გამოცემამ The Journal, ასევე, ნიდერლანდების საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ფრანგულმა ტელევიზიამ  France Info.  

2024 წლის 8 აგვისტოს პროკურატურიდან მოსული წერილის მიხედვით, საქმე რეაგირებისთვის შსს პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსს გადაეცა, რის შემდეგაც უწყების მხრიდან საქმის შესახებ კომუნიკაცია აღარ ყოფილა. 

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის და თანამშრომლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. MDF-ის დევნასთან დაკავშირებით, ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ხოლო ხელმძღვანელის მიმართ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებების ეკრანის ანაბეჭდები, მუქარის ავტორის ელ.ფოსტის  მისამართი და ორდერი საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და მედიის განვითარების ფონდმა 2024 წლის 13 სექტემბერს, განცხადებით ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს მიმართეს.

9 ივლისი, 2024 „მთავარი არხის“ ჟურნალისტი 26 მაისს იარაღით გადაღებული ფოტოსა და Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო დაიკითხა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“მთავარი არხის” რეგიონულმა კორესპონდენტმა და ადგილობრივი გაზეთის “გურიის მოამბის” რედაქტორმა, ვლადიმერ მენაბდემ 2024 წლის 26 მაისს, ფეისბუქის ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

“მთავარი არხის” რეგიონულმა კორესპონდენტმა და ადგილობრივი გაზეთის “გურიის მოამბის” რედაქტორმა, ვლადიმერ მენაბდემ 2024 წლის 26 მაისს, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული მისი ფოტო ახლდა თან. ჟურნალისტმა ფოტო ოზურგეთის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ცეცხლსასროლი იარაღების გამოფენაზე გადაიღო.   

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე  გამოძიება დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, ტერორისტული აქტის მზადების მუხლით დაიწყო.  ჟურნალისტი კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, 13 ივნისს მენაბდე მაგისტრმა მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხა.

HRC-ის განცხადებით, მოსამართლის მოთხოვნით, მხარეებმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერეს ხელი. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

მედიის წარმომადგენლის სამართლებრივ ინტერესს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს.

26 აპრილი, 2024 “TV პირველის“ ჟურნალისტი მის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირების შეჭრასა და ნივთების დაზიანებაზე საუბრობს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 24 მარტს ოზურგეთში „TV პირველის“ რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 24 მარტს ოზურგეთში „TV პირველის“ რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. ორგანიზაციის  ცნობითვე, ჟურნალისტის სახლი გასულ წელსაც გაქურდეს.  2023 წლის იანვარ-თებერვალში, ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა, 3-ჯერ განმეორდა.

HRC აღნიშნავს, რომ ფაქტს ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, 2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.  ნატო გოგელიას საცხოვრებელი სახლის გაქურდვის საქმეზე კი  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” დ ა “გ” ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელიც განხორციელდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიის წარმომადგენლის დაზარალებულად ცნობას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც ითხოვს, რომელიც  2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ სამართალდამცავ უწყებებს ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიებისაკენ მოუწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებასა და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.

8 აპრილი, 2024 ონლაინ პლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლე...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეეშალათ ხელი .

მათივე შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გამოიკვეთა, კერძოდ, ისინი ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. HRC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჟურნალისტს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა, არაერთხელ წაართვეს, ძალადობის შედეგად კი ორგანიზაციის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი დაზიანდა, რომელსაც ამავე მედიასაშუალების სხვა ჟურნალისტი იყენებდა. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რაც მათი პროფესიული საქმიანობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სამართალდამცავები მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაინც ახდენდნენ.

2024 წლის 23 იანვარს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება  დაიწყო

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით  დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთანავე, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სამი, 154-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხუთივე ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად.

 

“მაუწყებლის” ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევების სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, სწორი კვალიფიკაცია მიეცათ საქმისთვის და დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება.

12 დეკემბერი, 2023 TV მონიტორინგი ტელეკომპანიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრობს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)TV "მონიტორინგის" განცხადებით, 2023 წლის 31 ოქტომბერს ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია. არხის ც...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

TV "მონიტორინგის" განცხადებით, 2023 წლის 31 ოქტომბერს ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია. არხის ცნობით, კიბერშეტევის შედეგად ელექტრონულ/კომპიუტერულ მოწყობილობებზე გარკვეული სახის ინფორმაცია განადგურდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით 11 დეკემბერს მიმართა, უწყებამ კი ორგანიზაციას 26 დეკემბერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ TV მონიტორინგის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ტელეკომპანია "მონიტორინგის" ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციამ ორჯერ მიმართა გენერალურ პროკურატურას (2023 წლის 1 და 22 ნოემბერს) იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, თუმცა უწებიდან პასუხი HRC-ს დღემდე არ მიუღია.

Pages