ბლოგი

​ ​
​ ​

საქართველოში ჟურნალისტთა დაშანტაჟების საგანგაშო ტენდენცია

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ირგვლივ მიმდინარე პროცესი ამ დრომდე რჩება საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერთა ინტერესის საგანი. თუმცა, შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო და შემაშფოთებელი გახადა ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებამ, რომელმაც საზოგადოებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით მისი შანტაჟის მცდელობის შესახებ აცნობა. 

სხვადასხვა აუდიო და ვიზუალური ჩანაწერების, ფარული ვიდეოკადრების გამოყენება ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად თანამედროვე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, თუ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამგვარი სკანდალები ძირითადად მედიის და ჟურნალისტების მიერ სახელმწიფო ჩინოვნიკების მხილებას უკავშირდება, საქართველოში პირადი ცხოვრების ფარული ჩაწერა სახელმწიფოს მიერ მედიის და მისი წარმომადგენლების შანტაჟის საშუალებად გამოიყენება, რაც სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის არსებობის შესახებ 2015 წელს  საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გადაცემის წამყვანმა ეკა მიშველაძემ, მისი საავტორო გადაცემის ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მოტივით დახურვის შემდეგ  საჯაროდ განაცხადა. გადაცემის დახურვის საფუძვლად ეკა მიშველაძის პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე ქორწინება დასახელდა. მიუხედავად საჯარო განცხადებისა, რომელშიც ჟურნალისტმა პირდაპირ სახელმწიფო სპეც-სამსახურების მხრიდან თვალთვალზე მიუთითა, გამოძიება არ დაწყებულა.

2013 წლის მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით  წაუყენეს. ბრალდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან აღკვეთით. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.  მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტი იყო. თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარება გვიჩვნებს, გელა ხვედელიძის არაპროპორციული სასჯელი წამახალისებელ პრეცედენტად იქცა სახელმწიფოს სტრუქტურების თუ მათი ცალკეული წარმომადგენლების მიერ უკანონო ჩანაწერების ჟურნალისტების წინაღმდეგ გამოყენებაში.

მედიის საქმინობა ხშირად გულისხმობს ხელისუფლებისათვის არასასურველი ფაქტების გამოაშკარავებას და მისი წარმომადგენლების კრიტიკას. სწორედ ამიტომ შეიძლება გაჩნდეს საჯარო თანამდებობის პირებში სახელმწიფოს განკარგულებაში კანონით განსაზღვრული მიზნით არსებული საშუალებების ბოროტად გამოყენების ცდუნება. 

გელა ხვედელიძის შემთხვევაში მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, ხვედელიძემ დამოუკიდებლად განათავსა. შურისძიება ეძღვნებოდა ჟურნალისტის მიერ კონკრეტული თანამდებობის პირების უკანონო და კორუფციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებას. ამ ფაქტებზე გიორგი ფარესიშვილმა თავად ისაუბრა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების საფრთხემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგა.

როდესაც საკითხი ეხება ჟურნალისტების ან მედიის სხვა წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული ვიდეომასალის მათ წინააღმდეგ გამოყენებას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, რადგან საზოგადოებისათვის ცნობილ თითოეულ შემთხვევაში ამ ჟურნალისტების და მათი საქმიანობის მიმართ არსებობს  პოლიტიკური ინტერესი, ხოლო ფარული ჩაწერის, მიყურადების და თვალთვალის ტექნიკურ საშუალებებსა და რესურსებზე ყველაზე ფართე წვდომა  ხელისუფლებას აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლების მიღმა არის, დანაშაულის გამოძიების პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას აკისრია.

პირადი ცხოვრების დეტალების გახმაურების მუქარისაგან ჟურნალისტები განსაკუთრებით დაცულნი უნდა იყვნენ. შანტაჟის მსხვერპლი ჟურნალისტი წამგებიანი დილემის წინაშე დგას, როდესაც ნებისმიერი სტრატეგია დამაზიანებელია მისთვის. შანტაჟის პირობის მიღების შემთხვევაში, იზღუდება მისი გამოხატვის, აზრის, საქმიანობის თავისუფლება. ხოლო შანტაჟის ფაქტის გასაჯაროების შემთხვევაში, მას თავად უწევს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა მუქარის შესრულების საფრთხე კვლავ არსებობს. მიუხედავად ამისა, 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეს სტრატეგია არჩია და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების მუქარის შესახებ საჯაროდ განაცხადა. ნიკა გვარამიამ ამ შემთხვევაში ხელისუფლება დაადანაშაულა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე კონტროლის მოპოვების მცდელობის პროცესს დაუკავშირა.

მედიის წარმომადგენლების ამ ფორმით შანტაჟისას ირღვევა დემოკრატიული საზოგადოების ორი ფუნდამენტური პრინციპი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევების სისტემატიური ხასიათი შემაშფოთებელ სახეს იღებს. აუცილებელია, შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავისათვის არა ფიქტიური, არამედ რეალური პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკური ნება - უარი თქვას ამგვარ მანკიერ პრაქტიკაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყოველივეს ექნება დამღუპველი ეფექტი საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.